Saturday, November 7, 2009

16 ოქტომბერი 2009



დღეს ლეუვენში წავიყვანეთ ბავშვები. DE WISSEL-მა და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა გამოფენა მოაწყვეს თემაზე "DREAM" (სიზმარი, ოცნება, სურვილი). დღევანდელი დღე ღარიბ ხალხს ეძღვნებოდა, უამრავი ადამიანი გავიცანი. თითქმის ყველა ექსპონატზე ხალხის ოცნებები, სურვილები იყო აღბეჭდილი (ერთგვარი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად შეგროვებული ოცნებები). ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნიდერლანდურ ენაზე იყო , ყველას თითო სურვილის გადათარგმნას ვთხოვდი, რის შედეგადაც რამდენიმე სურვილის, ოცნების ამოწერაც შევძელი:
  • მინდა გამოვნახო ენერგია, რომ ნარკოტიკების მიღებას შევეშვა;

  • მინდა ვიცხოვრო სიგარეტის გარეშე;
  • მინდა მქონდეს ცეკვისა და სიმღერის შესაძლებლობა;
  • მინდა საფრთხის გარეშე ცხოვრება, რომ იგი წარსულშჲ დარჩეს;
  • მინდა, რომ ვინმე ზრუნავდეს ჩემზე;
  • მინდა, რომ ჩემი მეგობარი შეეშვას ნარკოტიკებს;
  • მინდა ბავშვებს ვასწავლო ცეკვა;
  • მინდა სახლი ჩემი შვილებისათვის;
  • მინდა იმდენ ხანს ვიცხოვრო, რომ შვილიშვილებს მოვესწრო;
  • ზოგჯერ არ მაქვს ენერგია, რადგან ჩემი თავი სავსეა პრობლემებით, პრობლემების გარეშე ცხოვრება მინდა;
  • მინდა ჩემს ოჯახს და მეგობრებს სჯეროდეთ ჩემი;
  • მინდა ჩემს შვილებს მივცე ყველაფერი, რაც მე მაკლდა ბავშვობაში;
  • მინდა სხვაზე არ ვიყო დამოკიდებული;
  • და ა.შ.

სპეციალურად ამ გამოფენისათვის RIZSAS-ში შევქმენით თექა, გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის მის დამუშავებაში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ოცნებებისა და სურვილების უზარმაზარი ყულაბა.

გამოფენიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, თავში მიტრიალებდა თითოეული ოცნება, სურვილი თუ სიზმარი . გამოკითხულთა უმრავლესობა არასრულწლოვანია, გარკვეული პრობლემების მქონენი. მათი პრობლემების ძირითადი არსი და მიზეზი სიყვარულის, რწმენის, იმედის ნაკლებობა - არარსებობაა.

No comments:

Post a Comment